მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოში პირველმა ქვეყანამ კორონავირუსზე ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, 12-19 წლის ასაკის მოზრდების 73% უკვე აიცრა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. კოსტა-რიკა გახდა პირველი ქვეყანა, სადაც 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
„ბავშვთა და მოზარდთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპის შესაბამისად <...> ვაქცინაციისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ყველა არასრულწლოვანისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.
კოსტა-რიკაში ჩუტყვავილას, პოლიომიელიტის და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა არასრულწლოვანთათვის. ახლა ჩამონათვალს ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაემატა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, 12-19 წლის მოზარდების 73% უკვე აცრილია ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით. უმცროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის, რომელიც 2022 წლის მარტში დაინერგება, ხელისუფლება კომპანია Pfizer-ისგან პრეპარატის თითქმის 4 მილიონ დოზას შეიძენს.
ადრე, აშშ-ს მარეგულირებლებმა FDA-მ და CDC-მა ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინები დაამტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ გართულებები და მით უფრო სიკვდილიანობა COVID-19-ით იშვიათია არასრულწლოვანთა შორის, კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის დაახლოებით მეოთხედი სწორედ მათზე მოდის.