პენიტენციური სამსახური: „სასწრაფო დახმარება“ სააკაშვილისთვის არ იყო განკუთვნილი

უწყების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რუსთავის ციხეში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატები ბოლო დღეებში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. მსგავს განცხადებას აკეთებს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც. პარასკევს ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა ციხის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მისვლის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, მათი ვარაუდით, იგი სააკაშვილისთვის გამოიძახეს.
„იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი. განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კრიზისი საქართველოში: „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს მოითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრისდარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.