თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მუსიკოსები საქართველოდან, სერბეთიდან და პოლონეთიდან წარდგებიან მსმენელის წინაშე ღია ცის ქვეშ გამართულ კამერული მუსიკის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე „სალხინოს კამერატა“. ფესტივალი 5–7 ნოემბერს მარტვილში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი, ტრადიციულად, დადიანების საშემოდგომო სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში გაიმართება.
დადიანების რეზიდენცია მდინარე ტეხურას ნაპირზე თავადმა ლევან დადიანმა (1793–1846) ააშენა. ამჟამად ის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია.
ფესტივალი ამჯერად ცნობილი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის 100 წლისთავს მიეძღვნება.
ფესტივალი 5 ნოემბერს გაიხსნება კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკით. მონაწილეობენ: პეტარ მარიჩი - აკორდეონი, სერბეთი; გიტარის დუეტი Woch & Guzik - პოლონეთი; გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.
6 ნოემბერს გაიმართება ლექცია–კონცერტი „ევროპული რენესანსის მადრიგალები“. მონაწილეობენ: საფესტივალო კამერული გუნდი, დირიჟორი არჩილ უშვერიძე; ლექციას წაიკითხავს შიო აბრახამია. კონცერტი მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით სასახლეში გაიმართება.
ფესტივალს 7 ნოემბერს ქართული კინომუსიკის კონცერტი დაასრულებს. მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ასევე ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, მიხეილ ჯავახიშვილი.
კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა" 2015 წელს დაარსდა და სამეგრელოს მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. ფაქტობრივად მანამდე ამ მხარეში კლასიკური მუსიკის ფესტივალი არ ჩატარებულა.
რევაზ ლაღიძე (1921–1981) სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებებისა და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორია.
მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“, მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ და „კომბლე“, სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“, სიმფონიური სურათი „საჭიდაო“, რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“ და სხვა). რეზო ლაღიძის სიმღერები იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩევა. განსაკუთრებით პოპულარულია მისი „სიმღერა თბილისზე“.