ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჯეისონ ბოულისი იმ ადამიანის ადვოკატია, რომელსაც იარაღის გაკონტროლება ევალებოდა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ვაზნები იმ ყუთიდან ამოიღო, სადაც მხოლოდ ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, შესაძლოა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედია დივერსია იყოს.
„შესაძლოა ეს დივერსიაც იყოს, ვიღაცას სურდა გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი მომხდარიყო“, – აცხადებს ადვოკატი.
მომხდარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.
22 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორ გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაიჭრა რეჟისორი ჯოელ სოუსა. როგორც გამოირკვა, საბედისწერო გასროლა რეპეტიციაზე მოხდა, როდესაც ბოლდუინი იარაღის მონაწილეობით ეპიზოდზე მუშაობდა.