თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ვერ განხორციელდება – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა გამოთქვა, მათ შორის იყო აუცრელი პირებისთვის ფასიანი მკურნალობის დაწესება. პრეზიდენტმა გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაციასაც დაუჭირა მხარი.
აცრის იძულების გარდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული სხვა განცხადებების გამო პაატა იმნაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს სხვა ყველა პუნქტში აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მას მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა იმნაძემ.
ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა ეპიდემიოლოგები ემხრობიან სავალდებულო ვაქცინაციას თუნდაც გარკვეული კატეგორიის პირებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კი არაერთხელ განმარტა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში იძულებით ვაქცინაციას.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დაძლევა შესაძლებელია ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 5.206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 738.171 შემთხვევა დაფიქსირდა; კორონავირუსმა 10.238 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.