COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: ერთადერთი გამოსავალი – სავალდებულო ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების შემოღებაა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 49 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ერთადერთი გზა, რაც საქართველოს გადაარჩენს, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება და კოვიდ-პასპორტების რაც შეიძლება სწრაფად შემოღებაა, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„კორონავირუსის შეჩერების სხვა რესურსი ჩვენ არ გვაქვს. ვაქცინაციის რესურსი ამოწურულია, მოსახლეობის დარწმუნების, დაჯერების და თუნდაც ინფორმაციის მიწოდების რესურსიც ამოწურულია, რადგან ნულოვანი უკუგება გვაქვს. ქვეყნის შველის ერთადერთი გზა სავალდებულო ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების შემოღებაა. ეს არის გზა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ აირჩია“, – განაცხად ჩხაიძემ.
მისი თქმით, სპეციალისტები დიდი ხანია განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, 5–6 კვირა შედეგების ლოდინის პერიოდი იქნება და სიტუაცია მხოლოდ ამის შემდეგ გაუმჯობესდება, განაცხადა მან.
სავალდებულო ვაქცინაცია, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილის თვალსაზრისი
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განხორციელდეს პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, აღნიშნა ჩხაიძემ.
გარკვეულ რისკ-ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე ოთხშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა განცხადება.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 49 ადამიანი.
3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.986.729 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.040.022 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 944.520 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. 2 ნოემბერს აიცრა 3.868 ადამიანი.