თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფისგან მივიღეთ რეკომენდაცია ე.წ. ბუსტერ დოზის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შესახებ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის ყველა ასაკის ადამიანისთვის შესაძლო ხელმისაწვდომობის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გაკეთდა განცხადება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.
„ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი (NITAG) მხარს უჭერს ბუსტერ დოზით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერი პირისთვის. კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზა შეუძლიათ ჩაიტარონ ნებისმიერი პრეპარატით – Pfizer, Sinopharm, Sinovac, AstraZeneca აცრილმა პირებმა. იმუნიზაციის ეროვნული საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა პირველი დადებითი რეკომენდაცია უკვე მივიღეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ დროისათვის ე.წ. ბუსტერ დოზით ქვეყანაში აცრილია დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი.
ჯერჯერობით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას ექვემდებარებიან 50 წელს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები, რომელთაც ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრიდან ექვს თვეში შეუძლიათ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბუსტერ დოზის გაკეთების მსურველები ვაქცინაციას როგორც რეგისტრაციით, ასევე მის გარეშეც შეძლებენ. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი ვაქცინაციისთვის დასჭირდებათ წარადგინონ ექიმის ცნობა, ან ე.წ. ფორმა-100.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც ვაქცინირებულებში, ასევე კოვიდ-გადატანილებში, რადგან ანტისხეულების რაოდენობა თანდათან იკლებს.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დღეს პირველად დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე რიგი ინიციატივები წამოაყენა. კერძოდ, ზურაბიშვილმა ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის, კოვიდ-პასპორტების და არავაქცინირებული კოვიდ-ინფიცირებულებისთვის ფასიანი მკურნალობის შემოღებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. 3 ნოემბერს აიცრა 3.469 ადამიანი.