სავალდებულო ვაქცინაცია, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილის თვალსაზრისი

პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ, რომელიც პასუხისმგებელია არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე, პანდემიის დასაძლევად მკაცრი ზომები უნდა გაატაროს
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედია უწოდა და მთავრობას მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე პასუხისმგებელია ყველა - მთავრობა, პარტიები, საპატრიარქო, ექიმები, მოქალაქეები.
„სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო მეტი აქტიური კამპანიის გატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ეკუთვნით ასევე პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა შეხედულებები საერთო საქმეს ვნებს. გარდა ამისა, პასუხისმგებლები არიან მოქალაქეებიც, ვინც პირადი შიშების გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს.
პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღებისკენ.

„ესაა სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდ-პასპორტების შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე მიმართა მედიას, მეტი დრო დაუთმოს პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებას, ხოლო საპატრიარქოს მოუწოდა, მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკაფიო მითითება მისცეს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, - მიმართა ზურაბიშვილმა საპატრიარქოს.
ამასთან, ის წინააღმდეგია დამატებითი შეზღუდვების, რომლებიც ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რომელ კარს გააღებს „მწვანე პასპორტი“ საქართველოში - მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე
„მიუღებლად მიმაჩნია დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა ეპიდემიოლოგები ემხრობიან სავალდებულო ვაქცინაციას გარკვეული კატეგორიის პირებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კი არაერთხელ განმარტა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში იძულებით ვაქცინაციას.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა. 3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.986.729 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.040.022 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36.6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 944.520 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33.1%. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დაძლევა შესაძლებელია ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში.
ბოლო დღე–ღამეში საქართველოში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 ადამიანი. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 735.965 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა 10.185 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.