მსოფლიო დღეს

დრო იწურება! – გრეტა ტუნბერგი გლაზგოში კლიმატურ პროტესტებს აანონსებს

Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლის გარეშე კლიმატური სამიტი COP26 ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს, აცხადებს შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი და გლაზგოში კლიმატურ პროტესტებს აანონსებს.
შესაბამისი განცხადება–მოწოდება ტუნბერგმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე გამოაქვეყნა.

„დრო იწურება. ისეთი კონფერენციები, როგორიცაა COP26, ვერაფერს შეცვლის, თუ გარედან ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა არ მოხდება. შემოუერთდით კლიმატურ პროტესტს პარასკევს... და კლიმატურ მარშს შაბათს, რათა თქვენი ხმა გაიგონ. ერთად ძლიერები ვართ!“ − დაწერა ეკოაქტივისტმა.

მანამდე ტუნბერგმა განაცხადა, რომ გლაზგოში მიმდინარე სამიტის მონაწილეები მხოლოდ თავს იკატუნებენ, თითქოს სერიოზულად ეკიდებიან კლიმატის ცვლილებების საკითხს.
კონფერენცია СОР26 გლაზგოში 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გასტანს. სამიტზე მთელი რიგი დოკუმენტების მიღება იგეგმება სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებისა და ნახშირბადოვანი ნეიტრალობის მიღწევის საკითხებზე.