არჩევნები 2021

ცესკომ ამომრჩეველთა ხმები კიდევ 58 საარჩევნო უბანზე გადათვალა

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავს.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა ხმები კიდევ 58 საარჩევნო უბანზე გადათვალეს, რის შედეგადაც არჩევნების შედეგებში მცირე ცვლილებები მოხდა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნინო იოსელიანმა ბრიფინგზე.
2 ნოემბერს გადათვლილი უბნების მონაცემებით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე – მცირედით შეიცვალა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია - საქართველოსთვის“ დააკლდა 34 ხმა“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

იოსელიანის განცხადებით, უბნების გადათვლას არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.
58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს. ეს ის უბნებია, სადაც ვიდეოჩაწერა არ მიმდინარეობდა. ჯამში არჩევნების მეორე ტურზე ვიდეოკონტროლი არ განხორციელებულა 292 საარჩევნო უბანზე. დანარჩენი ექვსი უბნის მონაცემები კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს.
არჩევნები 2021
ვის რა დააკლდა და მოემატა ხმების ხელახალი დათვლით: ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს
მანამდე საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლების ხმები მთლიანობაში 201 უბანზე გადათვალეს, თუმცა ამით არჩევნების შედეგები არ შეცვლილა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სულ 1,8 ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. შედეგების თანახმად, 20-დან 19 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხაში – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავს.