თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლების ხმები 201 უბანზე ხელახლა დათვალეს, თუმცა ამით არჩევნების შედეგები არ შეცვლილა.
გადაწყვეტილება ხმების გადათვლის შესახებ ცესკომ მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს, 31 ოქტომბერს მიიღო. კომისიები თითოეულ ოლქში შვიდ უბანს ამოწმებდნენ.
ამ დროისათვის გადათვლილია 1.830 საარჩევნო უბნის 11%.
„საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. ორი ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციას საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი ხუთ-ხუთი უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით შვიდ-შვიდი უბანი გამოავლინეს.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სულ 1,8 ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. შედეგების თანახმად, 20-დან 19 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხაში – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს, მან საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაგეგმა.