COVID-19 - ბოლო ცნობები

ე.წ. ბუსტერ დოზით აცრაზე ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გაუქმდეს

ის ადამიანები, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით ორჯერადად არიან ვაქცინირებული, შეძლებენ, რომ დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აიცრან.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა შეიძლება ყველა ასაკის ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა – მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. შესაძლოა გავცეთ რეკომენდაცია, რომ თანმდევი დაავადების მქონე პირმა ექიმთან შეთანხმებით გაიკეთოს მესამე აცრა. ინფიცირების თვალსაზრისით რისკ-ჯგუფში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების გარდა, ჩვენ მოვიაზრებთ მწეველებს და ჭარბწონიან მოქალაქეებსაც. ამიტომაც ნებისმიერი ასაკის პირი თავად შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბუსტერ დოზის გაკეთების მსურველები ვაქცინაციას როგორც რეგისტრაციით, ასევე მის გარეშეც შეძლებენ. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი ვაქცინაციისთვის დასჭირდებათ წარადგინონ ექიმის ცნობა ან ე.წ. ფორმა-100.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულების რაოდენობა თანდათან იკლებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე ანტივაქსერებს: არ გინდა აცრა, მაშინ შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს
ჯერჯერობით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას ექვემდებარებიან 50 წელს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები, რომელთაც ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრიდან ექვს თვეში შეუძლიათ.
3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.986.729 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.040.022 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36.6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 944.520 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33.1%. 2 ნოემბერს აიცრა 3.868 ადამიანი.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.