თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ზამთრის სეზონისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ონლაინ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედიაპლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტორეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდება. კამპანია აღნიშნული პლატფორმების სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook, Twitter და LinkedIn.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს სამოგზაურო და მედიაპლატფორმებს მოიცავს: CNN, National Geographic, Expedia, Vogue, Conde Nast Traveler, TimeOut, Wego, AD.
სამიზნე ტურისტული ბაზრები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არსებული კოვიდ-რეგულაციებისა და ავიარეისების მიხედვით შეარჩია. სარეკლამო კამპანია შემდეგ ქვეყნებში იმართება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ.
კამპანიის ფარგლებში შერჩეულ ქვეყნებში საქართველოს ზამთრის კურორტების, ბუნების, კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის, ეკოპროდუქტებისა და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია მოხდება, რომელსაც ათობით მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას. კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.