COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში AstraZeneca-ს 17 ათასი დოზა ვაქცინა ჩამოწერეს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის AstraZeneca-ზე მოთხოვნა ყველაზე დაბალი იყო.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 17 ათას დოზას ვადა გაუვიდა და გამოუყენებელი დარჩა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში კორონავირუსმა 10 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობა არავაქცინირებული იყო, თუმცა ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია. მიუხედავად ვაქცინების მარაგისა, ბოლო თვეებში ვაქცინაციის ტემპმა იკლო, რაც ეპიდემიოლოგების უკმაყოფილებას იწვევს.

„AstraZeneca საერთაშორის დონეზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა და Pfizer-ისა და ჩინური ვაქცინების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე ხშირად გამოიყენება. ჩვენ გვსურდა, რომ ქვეყანაში მისი გამოყენება უფრო მასშტაბური ყოფილიყო, მაგრამ, სხვა ვაქცინებთან შედარებით, მასზე მოთხოვნა ძალზე დაბალი იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება ჯერჯერობით არ განიხილება. გამყრელიძემ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ვაქცინაციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებლის ფონზე კლინიკებში ინფიცირებულთა მიმართვიანობა იზრდება. თუ ასე გაგრძელდება, სამედიცინო დაწესებულებებში თავისუფალი საწოლების დეფიციტი შეიქმნება.