თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თელავის აეროპორტ „მიმინოს“ სარემონტო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც იგი მზად იქნება მიიღოს როგორც ჩარტერული, ისე რეგულარული ავიარეისები, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული თელავში მდებარე აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი ერეკლე მეორის სახელობისაა, აეროპორტის თანამშრომლები მას უბრალოდ „მიმინოს“ ეძახიან, გიორგი დანელიას ცნობილი ფილმის „მიმინოს“ მიხედვით.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები დასკვნით სტადიაშია. სარემონტო სამუშაოები მოიცავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი) სრულ განახლებას, გრუნტოვანი და ასფალტის ფენების მოწყობას და შესაბამისი ნიშნებით მარკირებას.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თელავის აეროპორტი სრულად იქნება მზად მიიღოს შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან. პროექტს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს და მისი ჯამური ინვესტიცია 2 მლნ ლარს აჭარბებს.