იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 550 სესხი გაიცა

შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე 550 იპოთეკური სესხია დამტკიცებული, ხოლო კიდევ 15 განხილვის პროცესშია, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
უწყების ცნობით, აღნიშნული სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 61.543.977 ლარს შეადგენს.
საქართველოში შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.
საქართველოს მთავრობამ შეღავათიანი იპოთეკური კრედიტების პროგრამა აამოქმედა
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა:
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.
კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში:
იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.
დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.