თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული, არ ვაპირებთ არჩევნების დათმობას, განაცხადეს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე.
ოპოზიციური პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ოფისში ერთობლივი განცხადება გააკეთეს პარტია „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა. სწორედ ისინი წარადგინა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მისი გამარჯვების შემთხვევაში ვიცე–მერების თანამდებობაზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება უკვე დაიწყო – ყველა თვითმმართველ ქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ.
„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ... შეუძლებელია დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. უახლოეს მომავალში მივაღწევთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაში ღიად დაადანაშაულა.
„ახლა საჭიროა იმ ხმების დაცვა, რომელიც სამართლებრივად მოიპოვა ოპოზიციამ, ყველა უბანზე უნდა ვიბრძოლოთ. მიმდინარეობს რეალური ბრძოლა, რადგან „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ყველა ხრიკებით ცდილობენ, მოიპარონ გამარჯვება, სადაც არ მოუპოვებიათ", – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტია „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს საარჩევნო ხმების დაცვისა და საბოლოო გამარჯვებისთვის ბრძოლისკენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე... ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას" – შეეშვით ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების მოტყუებას, ამით ფონს ვერ გახვალთ", – განაცხადა ხოშტარიამ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხმების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მმართველი პარტია მერების არჩევნებს 20–ვე მუნიციპალიტეტში იგებს.
„ქართული ოცნების" გამარჯვება დამაჯერებელია. ჩვენ გამოგვიცხადეს რეფერენდუმი, რომელიც პირველ ტურში მოვიგეთ და ახლა დამაჯერებლად გავიმარჯვეთ მეორე ტურში და შედეგი 55%–მდე გავიუმჯობესეთ", – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
ამ დროისთვის თბილისის 769 უბნიდან 653 საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 84,915%–ია.
ბოლო მონაცემებით, მმრთველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,576%, „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 44,424% მიიღო.