თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში გოგა გულორდავამ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გია ხარჩილავასთან დამარცხდა, გამარჯვებულ კონკურენტს წარმატება უსურვა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
„წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი, მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“, - დაწერა გოგა გულორდავამ სოციალურ ქსელში.
ამასთან, გულორდავამ მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მათ, ვინც მხარი დაუჭირა და მათ ვინც ძლების მანძილზე იბრძოდა მის გვერდით.
თავის მხრივ, ხარჩილავამ პირობა მისცა წალენჯიხელებს, რომ „ყველასი მერი იქნება“ და „თითოეული მოქალაქის პრობლემებს გაიზიარებს“.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხარჩილავამ მოიპოვა ამომრჩეველთა ხმების 51,107%, ხოლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გულორდავამ - 48,893%.
ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა.
სამეგრელოს რეგიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 25 ათასამდე ადამიანს შეადგენს.
ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.