არჩევნები 2021

„საერთაშორისო გამჭირვალობა“: არჩევნებზე დამკვირვებლებმა 100-მდე დარღვევა დააფიქსირეს

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლებმა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს და 15 საჩივარი დაწერეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.
არჩევნები 2021
ზეწოლა და „კარუსელი": ოპოზიცია არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს 250-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები 28 საარჩევნო ოლქში 170 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 30 მობილური ჯგუფიცადევნებს თვალს.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.