თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. კრწანისის რაიონში, სადაც ხმები ელექტრონულად უკვე დათვლილია, დამაჯერებლად იმარჯვებს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
„კრწანისში ელექტრონული მთვლელის მეშვეობით ჩატარდა არჩევნები, ყველა უბანი უკვე დათვლილია ელექტრონულად. უბნის დახურვის მომენტშივე ელექტრონული მანქანა იძლევა ე.წ. ჩეკს, სადაც უკვე ასახულია დათვლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, 56,9% აქვს კახა კალაძეს, და 43,1% - ნიკა მელიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია განგებ ირჩევს ისეთ უბნებს, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ", და კონკრეტულ უბნებში გამარჯვებას ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებად სახავს.
„ოპოზიციამ თბილისში, კრწანისის ოლქის ფონიჭალის სამი უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო. ეს არის სწორედ მანიპულაცია. ეს არის არაკეთილსინდისიერება, როდესაც ასე მანიპულირებენ. როგორი შერჩევითი სამართალი ჰქონდათ, როგორი შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეების მიმართ, ასეთივე შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ რიცხვების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად, თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით, კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 57,2% აქვს. ხოლო კალაძის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას კი 42,8%. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით კი, კალაძეს აქვს 49%, ხოლო მელიას - 51%. საუბარია 18:00 საათისთვის არსებულ წინასაწარ მონაცემებზე.
ამ მომენტისთვის, ცესკოს ვებ გვერდზე ატვირთული წინასაწარი მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს აქვს 56,571%, ხოლო ნიკა მელია - 34,429%.