თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს სიის პირველი ნომერი აკვირდება არჩევნებს, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, სოფო ჯაფარიძე თავს მედიასაშუალების წარმომადგენლად ასაღებს, რაც მისივე თქმით, არის სიყალბის მაგალითი.
„შეიძლება კანონით პირდაპირი აკრძალვა არ არის, მაგრამ ჯაფარიძე სარგებლობს ბეიჯით და ამბობს, ამ ბეიჯზე აწერია, რომ ის არის მედიასაშუალების წარმომადგენელი. პარტიული სიის პირველი ნომერია! წარმოიდგინეთ, სიყალბის რა ხარისხთან გვაქვს საქმე?! ის აკვირდება არჩევნებს, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ ოპოზიციური მედია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც პროვოკაციები იგეგმება, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სამი ოპოზიციური ტელევიზიის ჯგუფები იმყოფებიან. მისი თქმით, ამ უბნებზე არ ხდება რაიმე დარღვევები და ეს ყველაფერი „მონათხრობი ტყუილი ამბებია“.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 39,5%-ია.
ამ დროისთვის ხმა უკვე 825.129 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 52,8%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 33,9% მცხეთა-მთიანეთშია.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.