არჩევნები 2021

მამუკა მდინარაძე ჟურნალიტებს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბულინგში ადანაშაულებს

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, ოპოზიციური ტელეარხები არჩევნებზე „ძირითად დარღვევად“ საარჩევნო უბანთან პირების ამომრჩევლების სიებით ყოფნას ასახელებენ, რაც კანონით დარღვევა არ არის.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბულინგი მიმდინარეობს, განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციური ტელეარხები საარჩევნო უბნის მახლობლად მმართველი პარტიის აგიტატორების ამომრჩევლების სიებით დგომას დარღვევად წარმოაჩენენ, კანონის შესაბამისად კი, პირი რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უფლება აქვს, თუ საარჩევნო უბანთან 100–მეტრიან დისტანციას იცავს, გასწიოს აგიტაციაც და ჰქონდეს საარჩევნო სიებიც, ასევე მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობა.
„ამის მიუხედავად, იმ მიზნით, რომ ჩვენს წარმომადგენლებში დაბნეულობა გამოიწვიონ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს, მათ ეკითხებიან, რატომ აქვთ სიები“, - თქვა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, როცა პარტიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს სიებს არ აჩვენებდნენ და ეს მათი დაბნეულობით ახსნა.
არჩევნები 2021
როგორია ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო 12:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს
„ამიტომ, ყველა ჟურნალისტსა და ტელევიზიას მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამ ადამიანების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ. ვისაც სია აქვს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს. მათი მიზანია საარჩევნო პროვოკაციების მოწყობა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.