თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. 30 ოქტომბრის მეორე ტურზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მინდინარეობს, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
„რამდენიმე უბანი მოვინახულე, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, დაცულია კოვიდრეგულაციები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი მივიდეს უბანზე და უზრუნველყოს, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს. არჩევნები დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსია, ქართველი ხალხი კი ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი“, - თქვა კელი დეგნანმა.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
პირველი ტურისგან განსხვავებით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თერმოსკრინინგს აღარ გადის, თუმცა ვალდებულია ეკეთოს პირბადე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმას ახალი დიზაინის კაბინაში აძლევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.