თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საბურთალოს საარჩევნო უბანზე და განაცხადა, რომ ხმა საკუთარ თავს მისცა.
მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი აქტიურობა მნიშნელოვანია, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ყველამ ერთად შეძლონ იმ კარგი საქმეების გაკეთება ამ ქვეყნის და მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს.
„ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს აუცილებლად გაგრძელდებას“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.