არჩევნები 2021

„გადავიწიოთ და ვილაპარაკოთ": დავითულიანსა და მელიას შორის დაპირისპირება მოხდა

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გადავიწიოთ და ვილაპარაკოთ - წაგებული გაქვს არჩევნები და ტყუილად ნუ აპირისპირებ ამ ხალხს ერთმანეთს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, სადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
მმართველი პარტიის დეპუტატების მტკიცებით, ნიკა მელიამ წააგო არჩევნები, „ახლა დადის და პროვოკაციებს აწყობს“.
„მელია სადაც მივა, ყველა უბანზე დახვდებიან ჩვენი მომხრეები. ეს უბანი მოგებული აქვს კახა კალაძეს და ეს მელია აქ პროვოკაციის მოსაწყობად მოვიდა. „ქართული ოცნების“ არც ერთი ხმა არ დაიკარგება“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
ნიკა მელიას განცხადებით კი, საარჩევნო უბანზე შუქი სპეციალურად ჩააქრეს და დანაშაულებრივი ჯგუფების მობილიზება მოახდინეს.
„ჩააქრეს შუქი საარჩევნო უბანზე და მოახდინეს დანაშაულებრივი ჯგუფის მობილიზება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ დროისთვის ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია – ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.