ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალში იასპარეზებს

ეკატერინე გორგოძემ და ირინა ბარამ ნახევარფინალურ ეტაპზე რუმინელები ბეგუ და მიტუ სამ სეტში ანგარიშით 6:3, 2:6, 10:7 დაამარცხეს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (161-ე ადგილი WTA–ს რეიტინგში) რუმინეთში, ტრანსილვანიაში მიმდინარე წყვილთა თანრიგის ტურნირზე ფინალში ითამაშებს.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მასპინძელ ირინა ბარასთან ერთად ასპარეზობს. ბარასა და გორგოძის დუეტი ნახევარფინალურ ეტაპზე რუმინულ წყვილს ბეგუსა და მიტუს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველი სეტი გორგოძემ და ბარამ ერთი ბრეიქით ანგარიშით 6:3 მოიგეს. მეორე სეტი რუმინელების გამარჯვებით ანგარიშით 2:6 დასრულდა, ხოლო გადამწყვეტ სეტში გორგოძემ და ბარამ 10:7 იმარჯვეს.
ქართველი ჩოგბურთელის წარმატება: მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა
ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც ქართველი ჩოგბურთელის მეტოქის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ გორგოძის პარალელურად ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანელ სამანტა მიურეისთან ერთად საფრანგეთში მიმდინარე პუატიეს ტურნირზე ხვალ წყვილთა თანრიგის ფინალში იასპარეზებს.