არჩევნები 2021

საარჩევნო უბანზე დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება - ცესკო

ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლევით კომპანიებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე კანონმდებლობით დადგენილი ნორმები დაიცვან და მოქალაქეებს მხოლოდ საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ.
როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში ეგზიტპოლის ჩატარება კანონით აკრძალულია.
არჩევნები 2021
როგორია ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო 10:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს
იოსელიანი მოუწოდებს კვლევით კომპანიებს, გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები და დაიცვან აღნიშნული კანონი.
„კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება, საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.