თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი. ეს განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ერთიან საარჩევნო სიაში 2.088.722 ადამიანია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია – 1.002.525.
ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
პირველი ტურისგან განსხვავებით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თერმოსკრინინგს აღარ გაივლის, თუმცა ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. როგორც ცესკოში განმარტავენ, თერმოსკრინინგის პროცედურას მხოლოდ უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები გაივლიან - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები.
ცესკოს სპიკერმა ასევე განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.
„დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“, - განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.