ვინ გეგმავდა „ნაცმოძრაობის" ლიდერების ლიკვიდაციას – პრემიერი ინფორმაციას ავრცელებს

ღარიბაშვილის თქმით, მთელი მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს, ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე თანაპარტიელის მკვლელობას გეგმავდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ იგეგმებოდა, მათ შორის, ოპოზიციური ტელკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მკვლელობა.

„ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის... და, ჩვენი ინფორმაციით, აქ გათვლა იყო რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ორი-სამი ადამიანის მკვლელობაზე. ახლა არ მინდა მათი სახელ-გვარების დასახელება ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს", – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

პრემიერის თქმით, მთელი მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.
„სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც. შემდეგ იყო ცესკოს, პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის შენობების აღება და ქვეყანა სრულ ქაოსში გაეხვეოდა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას. იგი (მიხეილ სააკაშვილი) ასეთი სცენარით ჩამოვიდა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ახლა ერთადერთი გეგმა, რაც მათ შეიმუშავეს, სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას უკავშირდება.
ჩხაიძე: ადამიანის რესურსი ამოუწურავი არ არის
„კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის... არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ სათანადო დონეზე მის და სხვების – კლინიკაში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას. თეორიულად მათ გეგმას რომ გავყვეთ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და, რა თქმა უნდა, გვექნებოდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონის თანახმად ადამიანს აქვს უფლება თავი მოიკლას.
„ახლა არ ვიცი ფინალი, თუ ადამიანი ჯანმრთელობას იზიანებს... უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 29-ე დღეა შიმშილობს.