თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. „თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.
როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.
„თიბისი ბანკი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდონ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცველ სტრუქტურებს და დაუკავშირდნენ ბანკს ცხელ ხაზზე (032 2 27 27 27) ან ინტერნეტ- და მობაილბანკის საშუალებით.
„თიბისი ბანკის“ კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით სარგებლობა. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ- და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბანკის ინფორმაციით, საქმეში ჩართული არიან სამართალდამცველი ორგანოები და ინფორმირებული არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები.