თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ცალკეული პირები აპირებენ ხელი შეუშალონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სხვა საპატიმრო დაწესებულებაში ან ციხის საავადმყოფოში და განახორციელონ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე.
კერძოდ, ისინი გეგმავენ ხელი შეუშალონ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მერვე ციხეში გადაყვანას.
„ეს სააკაშვილის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ გაზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებას", – განაცხადა მგელაძემ.
ამის დასადასტურებლად მგელაძემ ორსაათიანი აუდიოჩანაწერის ნაწილი წარმოადგინა, რომლის ჩაწერაც თბილისის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განხორციელდა. სუს-ის მონაცემებით, მასში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო წერედიანი და სხვა პირები სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის დროს გზების გადაკეტვის გეგმას განიხილავენ.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მგელაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებში გამოკითხვაზე მოწმის სახით მიწვეულმა ყველა პირმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა.