თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და იაპონიას შორის საქმიანი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და იაპონიის საგარეო სავაჭრო ორგანიზაციის (JETRO) თავმჯდომარემ ნობუჰიკო სასაკიმ ონლაინ–შეხვედრაზე.
მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს JETRO-ს ამჟამინდელი და მომავალი საქმიანობის შესახებ საქართველოში, ასევე თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის ბიზნეს-ფორუმებისა და სავაჭრო მისიების უფრო ხშირად გამართვის მიზანშეწონილობა. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბიზნეს-წრეების დაახლოებას, რაც შემდგომში ეკონომიკურ სტატისტიკაზე პოზიტიური კუთხით აისახება.
თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იაპონიასთან უფრო აქტიური ეკონომიკური კავშირები და ამისთვის დიდი პოტენციალი არსებობს, ორივე ქვეყნის მთავრობა ამისთვის ბევრ აკეთებს. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა წელს ამოქმედებული შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელშიც საქართველოში იაპონური ინვესტიციებისა და იაპონიაში ქართული ინვესტიციების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია ჩადებული.
„ჩვენ უკეთ უნდა გავაცნოთ კერძო სექტორს ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ არსებობს. ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, – ესაა მცირე ჩამონათვალი იმ დარგებისა, სადაც ჩვენ შორის შესაძლებელია უფრო მჭიდრო და ორმხრივად ხელსაყრელი კავშირები განვითარდეს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, იაპონია მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოსთვის და ამ ქვეყნიდან ივესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
თურნავას თქმით, 2010–2020 წლებში იაპონიამ 158,4 მლნ ლარის ინვესტიციები განახორციელა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინვესტიციების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 155-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის 2020 წელს 172,3 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით – 151 მლნ დოლარზე მეტი.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.