ბორჯომის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა

პოლიციამ დამნაშავე დააკავა, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ხოლო მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მსოფლიო დღეს
17 წლის ქმარმა 26 წლის ცოლი გაყიდა და სმარტფონი იყიდა
შსს იუწყება, რომ 35 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით „ცხელ კვალზე“ დააკავა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაჭრილი 30 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ეჭვიანობის ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 40 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან თავის მეუღლეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.