თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტურის დასკვნით მატჩში ქართველი ფეხბურთელები ესტონელ თანატოლებთან 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ წაგების მიუხედავად ჯგუფში მეორე ადგილით მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა მოახერხეს.
საქმე ისაა, რომ პარალელურ მატჩში უნგრეთი ისლანდიას 0:0 დაუზავდა. საქართველოს და უნგრეთს ოთხ-ოთხი ქულა გაუხდა, მაგრამ პირადი შეხვედრებით უპირატესობა გიორგი ჩიტაურის აღსაზრდელებს ჰქონდათ – ორი დღის წინ ქართულმა გუნდმა უნგრელებს 1:0 მოუგო.
ამგვარად, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მე-4 ჯგუფიდან გავიდა ორი ნაკრები – ესტონეთი პირველი ადგილიდან და საქართველო – მეორედან.
ევროპის U-17 ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობას 13 ჯგუფად დაყოფილი 52 ნაკრები იღებს. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ, აგრეთვე შესარჩევი ციკლის ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.
ელიტ-რაუნდის მატჩები მომდევნო წლის მარტში ჩატარდება, ხოლო თავად ევროპის ჩემპიონატი ისრაელში 16 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში გაიმართება.