ზუგდიდში საცხოვრებელი ფართი კიდევ 600 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ერთი თვის ვადაში დევნილი ოჯახების სიას სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის მასშტაბური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. შესრულებული სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.
ქუთაისში 60 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
დევნილთა სააგენტოს ცნობით, კომისია მუშაობას ერთი თვის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 744 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 84 დანგრევის პირზე მყოფი ობიექტი დაიხურა.