თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის რაიმე რეალური გზა არ არსებობს, აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ.
რამდენიმე დღის წინ მალიუსკამ განაცხადა, რომ კიევი ეცდებოდა, მიეღწია უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, სააკაშვილის გადაცემას საქართველოში მისჯილი ვადის უკრაინაში მოსახდელად.
„სამწუხაროდ, ახლა არ არსებობს რაიმე რეალური გზა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ, ვთქვათ, უახლოეს დღეებში ექსტრადირებას. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და მოითხოვს რამდენიმე პირობის დაცვას, მათ შორის, თავად ბატონი სააკაშვილის თანხმობას... მხოლოდ განაჩენი რომ იყოს და არ მიმდინარეობდეს გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, ანუ საქმე ეხებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსრულებას, და ის თავადაც თანახმა იყოს ექსტრადიციაზე სასჯელის უკრაინის ტერიტორიაზე მოხდის მიზნით - ამ გზას ნამდვილად ითვალისწინებს საერთაშორისო შეთანხმება“, - განუცხადა მალიუსკამ ჟურნალისტებს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვიდა. იგი 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან სააკაშვილი მის დაკავებას უკანონოს, ბრალდებებს - ყალბს, ხოლო საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.