თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ონლაინ-შეხვედრაზე ნათია თურნავამ იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. აღინიშნა, რომ ეს დარგი განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეტი აქცენტის გაკეთებას ე.წ. განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე და ამ მხრივ პოტენციური ინვესტორების მოძიებაზე.
იაპონური მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, გამოხატეს ინტერესი ქვეყანაში სხვა ენერგეტიკული პროექტების მიმართ.
„TEPCO Renewable Power-ი უკვე ფლობს 31,4%-იან წილს „დარიალი ჰესში". ეს აქტივობა TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა, რაც ღიად მიანიშნებს იაპონური კომპანიის დაინტერესებაზე საქართველოთი და, ზოგადად, რეგიონით", – აღნიშნავენ სამინისტროში.
შეხვედრის დასასრულ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" პოტენციური საინვესტიციო პროექტების გამოვლების მიმართულებით.