თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ არჩევნების წინ თბილისის ცენტრში ათიათასობით თავისი მომხრე შეკრიბა.
როგორც პარტიის ლიდერებმა განმარტეს, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიებაა. ქვეყანაში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამ დღეს მოსახლეობა 20 ქალაქისა და რაიონის მერებს და ასევე 15 მუნიციპალიტეტში საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
„დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტიის მხარდამჭერები თბილისში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. ადგილები ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის, რომლებითაც მოქალაქეები დედაქალაქში ჩამოვიდნენ, ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ სამშაბათს, საღამოს გაათავისუფლეს.
სანამ მოედანზე „ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებოდნენ, საკრებულოს წინ გამართულ სცენაზე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
თავისუფლების მოედანზე „ოცნების“, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ფრიალებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობამდე, ასევე პუშკინის ქუჩაზე ეკრანებია დამონტაჟებული, რათა ყველამ შეძლოს სცენაზე მიმდინარე მოვლენების ნახვა.
ამავე ადგილზე ორი კვირის წინ აქცია ჩაატარა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.