განხეთქილების ოქრო: სკვითების საგანძურს უკრაინას უბრუნებენ და არა ყირიმს

ოქროს სამკაულები, უნიკალური არტეფაქტები, იშვიათი ნივთები, რომლებიც ევროპას მანამდე არ უნახავს, ყირიმის მუზეუმებიდან გერმანიასა და ნიდერლანდში 2013 წელს გაიგზავნა და სამშობლოში ჯერაც არ დაბრუნებულა. სასამართლო გარჩევები მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Sputnik
ანა ნეხაევა
26 ოქტომბერს კი ვერდიქტი გამოიტანეს: ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ სკვითების ოქრო უკრაინის საკუთრებად ცნო. არსებული ცნობით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ნიდერლანდის უზენაეს სასამართლოშია შესაძლებელი.

რემბრანდტისა და „სირინოზის“ დონე

ნიდერლანდში დაახლოებით 2 ათასი უნიკალური ნივთია ყირიმის მუზეუმებიდან, რომლებიც 2013 წელს გადაიტანეს ბონის გამოფენაზე, შემდეგ კი ამსტერდამში.
ექსპოზიცია „ყირიმი: ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები“ მოიცავს ნივთებს, რომლებიც არასდროს ყოფილა გამოფენილი ევროპაში. მათ შორისაა ჩინური ლაქის ზარდახშები უსტ-ალმინსკის სამარხიდან (ბახჩისარაის მახლობლად), მოხატული საკურთხეველი სკვითების მეფე სკილურის სამარხიდან, სკვითების გველის ფეხებიანი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ქალაქ ქერჩის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ექსპონატი სკვითების ოქროს კოლექციიდან
მას შემდეგ, რაც ყირიმი რუსეთთან გაერთიანდა და ჰოლანდიის ალარდ პირსონის მუზეუმში გამოფენა დასრულდა, გაჩნდა კითხვა, სად უნდა დაებრუნებინათ ექსპონატები. რუსეთიცა და უკრაინაც კოლექციას თავის საკუთრებად მიიჩნევდნენ.
„ასეთი დანაკარგი უდრის კოპენჰაგენის მიერ ედვარდ ერიქსენის ქანდაკება „პატარა ქალთევზას“, ან ამსტერდამის მიერ რემბრანდტის ტილო „ღამის გუშაგების“ დაკარგვას, — ნათქვამია ყირიმის მუზეუმების განცხადებაში. — ამ ნივთებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ არა მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტები, არამედ არქეოლოგიური მემკვიდრეობაც, რომელიც ჩვენი ხალხის კულტურული კოდის საფუძველია“.
ალარდ პირსონის მუზეუმმა გადაწყვიტა, არ გადაეცა ექსპონატები არც ერთი მხარისთვის მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა, ან მხარეები არ შეთანხმდებოდნენ.
კიევი ექსპონატების უკრაინისთვის დაბრუნებას მოითხოვდა, ვინაიდან ეს უკრაინის სახელმწიფო საკუთრებად მიაჩნდა. ყირიმში ამას რეიდერული მიტაცების მცდელობა უწოდეს.
ყირიმის მუზეუმებმა ადვოკატები შეცვალეს და აპელაცია შეიტანეს სასამართლოში, რომლის განხილვაც მხოლოდ 2019 წელს დაიწყო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში სკვითების ოქრო ალარდ პირსონის მუზეუმის სარდაფებში ინახებოდა.

პოლიტიკა თუ ეთიკა?

„მე-20 საუკუნის შუა წლებში კულტურული ფასეულობების გადაადგილების ტრაგიკული ისტორია არ უნდა განმეორდეს 21-ე საუკუნეში, დაუშვებელია თუნდაც თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ ხალხს ჩამოერთვას კულტურული მემკვიდრეობა“, — ირწმუნებიან ყირიმის მუზეუმები.
უცვლელია აღმოსავლეთ ყირიმის ისტორიულ-კულტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სიმფეროპოლის „ტავრიდას მუზეუმის“, ბახჩისარაის ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალისა და არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის „ტავრიული ხერსონის“ პოზიციები. ოქრო მათ უნდა დაბრუნდეთ.
მათ სოლიდარობას უცხადებენ რუსი პოლიტიკოსები და ადვოკატები. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა, რომ რუსული მხარის წარმომადგენელი იურისტები ხელმძღვანელობენ იმით, რომ „მუზეუმთაშორის ხელშეკრულებებს სახელმწიფო ხასიათის პერტურბაციებზე არანაკლები და, შესაძლოა, მეტი ფასიც აქვს“.

„სკვითური ოქრო, უეჭველია, მხოლოდ ყირიმის ტერიტორიას უკავშირდება. <...> ის ყირიმის მუზეუმებში უნდა ინახებოდეს, მიუხედავად რესპუბლიკის სტატუსის ცვლილებისა და რუსეთის შემადგენლობაში მისი შესვლისა, — ამბობს მიხაილ იოფე, რუსულენოვანი იურისტების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. — უკრაინული მხარის წარმომადგენელი ცდილობს შეცვალოს ნახევარკუნძულის პოლიტიკური და გეოგრაფიული სტატუსი, რაც სამართლებრივი ბუნებისა არ არის. რა გაიმარჯვებს სასამართლოში — საღი აზრი და კანონი თუ უკანონობა და პოლიტიკა?“

ოპონენტებიც მტკიცედ არიან განწყობილი. უკრაინის მხარის წარმომადგენელმა ადვოკატმა მარტინ სანდერსმა განაცხადა, რომ კიევი უარყოფს კომპრომისის ნებისმიერ შესაძლებლობას ყირიმის მუზეუმებთან დავაში.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოქროს კიევს გადასცემენ, გეგმავს თუ არა უკრაინა ექსპონატების ნაწილის მიყიდვას ან ჩუქებას ყირიმის მუზეუმებისთვის, ადვოკატმა უპასუხა, რომ მსგავსი გეგმების შესახებ არ სმენია. „ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და არა მგონია, რომ ის იყიდებოდეს“, — თქვა მან.

ექსპერტების მოსაზრება

ექსპერტების აზრით, ყირიმის მუზეუმების პოზიციას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ექსპონატები ყირიმშია აღმოჩენილი ადგილობრივი არქეოლოგების მიერ და ეს აღმოჩენები ნახევარკუნძულის არქეოლოგიურ კულტურებს ახასიათებს.
საკითხის გადაწყვეტას ბიუროკრატიული მომენტი ართულებს. ძვირფასი ნივთების გატანაზე ნებართვა თავის დროზე უკრაინამ გასცა, ხოლო ნიდერლანდმა გარანტიები გასცა, რომ ექსპონატები უკრაინაში დაბრუნდებოდა. ასეა ჩაწერილი კონტრაქტებში.
საქმეს არ აიოლებს, როგორც ჩანს, შეგნებულად, პროცესის გაჭიანურებაც. 2019 წლის ივლისში მიღებულ იქნა შუალედური გადაწყვეტილება, რომ იუნესკოს 1970 წლის კონვენცია, რომელსაც უკრაინა ეყრდნობოდა, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება. სასამართლომ მხარეებს დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვა.
ყირიმის მუზეუმებმა კვლავ წარადგინეს საარქივო დოკუმენტები, მათ შორის მე-19 საუკუნისა, ყველა ობიექტის წარმოშობის შესახებ.
2020 წლის მარტში სასამართლო სხდომა ივლისამდე გადაიდო პანდემიის გამო, შემდეგ — სექტემბრამდე, რადგან ერთ-ერთ მოსამართლეს უკრაინულმა მხარემ აცილება მისცა.
განაჩენის გამოტანას 2021 წლის სექტემბერში ელოდებოდნენ, მაგრამ „გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო“ ის 26 ოქტომბრამდე გადაიდო.

რაზეა დავა?

„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ნივთი ყოველთვის რაღაცნაირად უკავშირდება იმ ადგილს, სადაც არის. სკვითური ოქრო არ არის კიევისა ან ლვოვისა. ის სკვითურია, რომელიც ყირიმის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. რატომ უნდა მიეცეს ის ვინმეს? ნიდერლანდსა და უკრაინას შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს, ეს არის წმინდა მუზეუმთაშორისი, კერძო დავა. გონივრული იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ ოქრო ყირიმს დაბრუნებოდა“, — ამბობს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ანატოლი კაპუსტინი.
ახლა უკვე ისტორიული გამოფენების თითქმის 2 ათასი ექსპონატის უნიკალურობაში უკვე დარწმუნდნენ ბონსა და ამსტერდამში გამოფენების სტუმრები. ყირიმისა და შავი ზღვის რეგიონის ისტორიისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბური არქეოლოგიური პროექტი არასოდეს ყოფილა ევროპაში. გამოფენას იდუმალებას მატებს მითები და ლეგენდები სკვითების შესახებ, რომლებიც შავი ზღვისპირა სტეპებიდან თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიამდე მომთაბარეობდნენ.
ეს ათასწლოვანი ისტორიაა. უძველესი არტეფაქტების გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ზოგი ექსპერტი სადაზღვევო თანხად 2 მილიონ ევროს ასახელებდა.
ექსპონატებს შორისაა: სამკაულები, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების საგნები, ჭურჭელი, იარაღის ფრაგმენტები, ძველბერძნული ღმერთების ქანდაკებები, კერამიკისა და მინის ნაკეთობები, მოხატული ვაზები და ტერაკოტის ფიგურები. ყირიმი ძველთაგან იყო მულტიკულტურული ცენტრი, რომელშიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურები, იმპერიები და ბერძნული ქალაქი-სახელმწიფოები იყო აღრეული.