შვიდი წლის შემდეგ ნიკა მელია კვლავ იყრის კენჭს თბილისის მერის თანამდებობაზე. მეორე ტურში, გადამწყვეტ ბრძოლაში მისი კონკურენტია მოქმედი მერი კახა კალაძე. პირველ ტურში მათ მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობამ მხოლოდ 11% შეადგინა.
ვინ არის ნიკა მელია და რა არის ცნობილი 41 წლის ამბიციურ პოლიტიკოსზე, „Sputnik-საქართველო“ გიამბობთ.
ნიკა მელიას ბიოგრაფია
ნიკანორ მელია 1979 წლის 21 დეკემბერს თბილისში, ცნობილი ექიმის, ანზორ მელიასა და ნანა ცაავას ოჯახში დაიბადა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას მამა კენჭს იყრის ზუგდიდის მერის თანამდებობაზე, სადაც 30 ოქტომბერს ასევე მეორე ტური ტარდება.
1996 წელს ნიკა მელიამ თბილისის 47-ე საშუალო სკოლა დაამთავრა, 2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2006 წელს კი - ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში გამომძიებლად.
კარიერა
2007 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად, 2007-2008 წლებში კი ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მრჩეველი იყო. 2008-2009 წლებში მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფროსის მოადგილედ.
2009 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
2010 წელს ნიკა მელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გახდა. იმავე წელს გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლამდე მუშაობდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013-2014 წლებში მთაწმინდის რაიონის გამგებელი იყო.
2014 წელს მელია თბილისის მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს. თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა.
ამის შემდეგ დაიწყო მელიას აქტიური პოლიტიკური საქმიანობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.
ნაცმოძრაობის სახე
2015 წელს მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის თბილისის ოფისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
შემდეგ იყო საპარლამენტო არჩევნები. 2016 წელს მელია „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის ხუთეულში მოხვდა. სწორედ მაშინ გახდა ის მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
ნიკა მელია
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მელიას კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წამოაყენა. თუმცა გამარჯვება მაშინაც მმართველ პარტიას ხვდა წილად.
იმავე წელს „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ორად გაიხლიჩა. წამყვანმა წევრებმა პარტია დატოვეს და პოლიტიკური საქმიანობა პარტია „ევროპულ საქართველოს“ რიგებში გააგრძელეს. მელია კი პარტიაში დარჩა.
2020 წლის დეკემბერში ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე გახდა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
მალევე მელია თანამოაზრეებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩაერთო. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ივლისის ბოლოს მელიამ უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და გადაწყვიტა მთელი თავისი დრო და ძალები წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაეთმო. ახლა ის თბილისის მერობისთვის იბრძვის.
პატიმრობა და ამბოხი
პოლიტიკოსი ყურადღების ცენტრში 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს მოექცა. თავდაპირველად საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მაგრამ 22:00 საათისთვის დაიწყო აქციის მონაწილეთა შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებთან, რაც შემდეგ ხელისუფლებამ შეაფასა როგორც პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობა. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
მელია საქმის მთავარი ფიგურანტი გახდა. მას აქციის მსვლელობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ასევე პროცესის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. გენერალურმა პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა. 2019 წლის ივნისში მელიას პროკურატურის შუამდგომლობით სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს, იმავე წლის ივლისში კი მან დეპუტატის მანდატიც დაკარგა.
ამის მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია გირაოთი გაათავისუფლა, სააპელაციო სასამართლომ კი პროკურატურას ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დაავალა და მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. მელიას აეკრძალა თავისუფლად გადაადგილება პროკურატურის ნებართვის გარეშე, ასევე საჯარო გამოსვლები.
თუმცა მან აკრძალვები არაერთხელ დაარღვია. 2020 წლის ოქტომბერში მელია აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, ხოლო ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიტინგზე მელიამ საჯაროდ მოიხსნა სამაჯური და გადააგდო, რის შემდეგაც მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაო 40 ათას ლარამდე გაუზარდეს.
2020 წლის თებერვალში მელია გენერალურ პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. თუმცა მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და მას „ვერ დაიჭერდნენ“. მაგრამ პირიქით მოხდა.
მელია 23 თებერვალს დააკავეს, ამისთვის კი ხელისუფლებას სპეცოპერაციის ჩატარება და პარტიის ოფისიდან მისი ძალით გამოყვანა მოუხდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას ფართო რეზონანსი მოჰყვა. მელიას მხარდამჭერები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები – კრიმინალს.
შემდეგ იყო მრავალრიცხოვანი აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით. პარალელურად გრძელდებოდა მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით, რა დროსაც ოპოზიცია მუდმივად აყენებდა ლიდერის გათავისუფლების საკითხს. შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა დაესრულებინა.
ამას მელიას გათავისუფლება მოჰყვა. მან ციხე 10 მაისს დატოვა, რის სანაცვლოდაც გირაო ევროკავშირმა გადაიხადა.