თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ადრონული თერაპიის კლინიკა, სადაც ონკოპაციენტებს თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებენ, საქართველოში 2024 წელს გაიხსნება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ „ქართუს" პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად აშშ-ის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პროტონული თერაპიის საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი განიხილეს და ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიური ჩართვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ჩხენკელმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა IBA (Ion Beam Applications S.A.), Carl Zeiss და RaySearch laboratories.
სწორედ კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი დაფუძნდება.
ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობისთვის, მეორე კი სამეცნიერ-კვლევითი სამუშაოებისთვის გამოიყენება.
სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.
პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს სიმსივნის მრავალი სახეობისთვის. ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება.
IBA-სთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში. იგი ითვალისწინებს ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის შეძენას და ასევე გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 40 მლნ ევროა.
„პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და რეგიონის მასშტაბით იქნება ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება", – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
IBA (Ion Beam Applications S.A.) არის გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისთვის.