„მთავარ არხს" სასამართლოში ამჯერად ჭიათურის მერობის კანდიდატი უჩივის

გასულ დღეებში ოპოზიციური ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის და ფოთის მერობის კანდიდატებმაც მიმართეს.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ტელეკომპანია „მთავარ არხს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.
ტელეკომპანიის ეთერში არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოდებაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენია.
მოდებაძე ტელეკომპანიისგან მოითხოვს ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას და 55.555 ლარს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

„ტელეკომპანია ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი სიბინძურის ტირაჟირებას პირდაპირ ეთერში აკეთებს… პატივისა და ღირსების შელახვისთვის ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც დღეს შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვითხოვთ სიმბოლურ თანხას – 55.555 ლარს, რომელიც ბავშვთა ფონდში გადაირიცხება“, – განაცხადა მოდებაძემ.

„მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოს ანალოგიური სარჩელით უკვე მიმართეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ქუთაისის და ფოთის მერობის კანდიდატებმაც – იოსებ ხახალეიშვილი და ბექა ვაჭარაძე ტელეკომპანიისგან აგრეთვე ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 55.555 ლარს მოითხოვენ.