თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი SKODA RAPID-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებით ჩააბარებენ.
„ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მომსახურების სააგენტომ ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა", – ნათქვამია განცხადებაში.
2021 წლის დასაწყისში ავტომობილები მხოლოდ რუსთავსა და გორში შეიცვალა, შემდეგ კი ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა.