თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, „დედიკას გალერეაში“ (Dédicace Gallery) 29 ოქტომბერს ქართველი მხატვრის, სალომე რიგვავას პერსონალური გამოფენა „კვეთა“ (Intersection) გაიმართება.
სალომე რიგვავა - ქართველი ფერმწერების ახალი თაობის ბრწყინვალე წარმომადგენელია. მისი გამოფენები ხშირად იმართება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
Dédicace Gallery-ში მიმდინარე გამოფენაზე სალომე რიგვავას „ამერიკული პერიოდის“ ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
„ისინი აჩვენებს სალომე რიგვავას მხატვრობის ახალ საფეხურს, კვეთას ძველსა და ახალს შორის, გამოწვევებსა და მოლოდინს. დამთვალიერებლისთვის ნაცნობი გახდება თემები, რომლებიც ხშირად უკავშირდება უცხო გარემოსთან ადაპტაციას, ზოგჯერ მარტოობას, გაუცხოებასა და ნოსტალგიას, რომლებიც არტისტისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერით ხასიათდება და გასული წლების სერიებიდან იღებს სათავეს, თუმცა თემატურად თვალსაჩინო ხდება მარტოობისა და წარმავლობის თემები, რომლებიც ოდნავ მძიმე ხასიათს ატარებს. ზღაპრის გმირები, რომელსაც სალომე თავის მხატვრობაში უშვებს, თანდათან რეალურ არსებებად გადაიქცევიან და აქრობენ ზღვარს რეალურსა და არარეალურს შორის, რომელიც ხშირად პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ასოცირდება“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
სალომე რიგვავა
სალომე რიგვავა 1988 წელს გაგრაში დაიბადა, თუმცა მშობლიური ქალაქის დატოვება ოთხი წლის ასაკში მოუწია. თბილისში ნიჭიერთა სახელოვნებო ათწლედის დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვით ფაკულტეტზე ფერწერის განხრით გააგრძელა სწავლა. 2012 წელს კი, აკადემიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდია მოიპოვა და ორი წლის განმავლობაში გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სახელოვნებო აკადემიაში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამული სწავლების კურსი, რის შემდეგაც კიდევ ორი წელი გაატარა გერმანიაში თავისუფალი მხატვრის სტატუსით.
ქართველი მხატვარი აქტიურად თანამშრომლობს გალერეებთან, მონაწილეობს გამოფენებში შტუტგარტში, ჰაიდელბერგში, მიუნხენსა თუ ბერლინში.
2016 წელს სალომემ აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში სახელოვნებო რეზიდენციის (ART MORA RESIDENCY) კონკურსში გაიმარჯვა და რამდენიმე თვე ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში გაატარა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში გალერეა ART MORA-ში.
სალომეს ნახატები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში საქართველოში, გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისსა და რუსეთში.