რკინიგზაზე დაზიანებაა: ოთხი მატარებელი გაჩერებულია

მგზავრებს ავტობუსებით გადაიყვანენ
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში რკინიგზაზე დაზიანების გამო ოთხი მიმართულების მატარებლები გაჩერებულია, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად გაჩერებულია თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და​ ზუგდიდი-თბილისის მატარებლები.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად, კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება, აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.