თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. კონსილიუმი, რომელიც მოშიმშილე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს შეიკრიბა, თანხმდება იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა შესაძლოა ყოველ წუთს გაუარესდეს, და იძლევა რეკომენდაციას, პაციენტი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში, განაცხად სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 23–ე დღეა შიმშილობს. წუხელ ღამით მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა, რადგან სისხლის ერთ-ერთი პარამეტრი გაუარესდა. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე ციხის საავადმყოფოში და ისიც, როგორც ექიმი, ამის წინააღმდეგია.
„მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანა არის მკვლელობა. თვითონაც ეს პოზიცია აქვს. ყველა ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით იმაზე, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ყოველ წუთს. კონსილიუმის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გუშინდელი პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი პრობლემები წარმოიქმნას“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისივე თქმით, წინა შეხვედრებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელ მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ ექს-პრეზიდენტი. მისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რატომ განიხილება მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფო.
აღნიშნულს არ ეთანხმება ბრეგაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ყიფშიძე ცრუობს, რადგან ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე საუბარი შეეხი ბევრ საკითხს, მაგრამ „ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე“.
წინა სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მხოლოდ შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.