საეკლესიო კალენდარი: 22 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ოქტომბერს წმიდა მოციქულ იაკობ ალფესის, ღირსი ანდრონიკეს და ათანასიას, მართალი აბრაამ მამამთავრის და მისი ძმისწულის, წმიდა მოწამეების ებენტის და მაქსიმეს, წმიდა აღმსარებელ პოპლიას, ღირსი პეტრე გალატიელისხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).
საეკლესიო კალენდარი: 21 ოქტომბერი
ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია
ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია ანტიოქიაში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. წმიდა ანდრონიკე ხელოსანი იყო და თავის გასამრჯელოს სამ ნაწილად ყოფდა: ერთ ნაწილს ტაძარს სწირავდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მესამე კი - ოჯახის სარჩენად ჰქონდა გადადებული. როცა კეთილმსახურ მეუღლეებს ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ, მათ გადაწყვიტეს, მთლიანად უფლის მსახურებისთვის მიეძღვნათ თავი და დაუზარლად ეხმარებოდნენ გლახაკებსა და სნეულებს. შემდეგ ორივემ ბერმონაზვნური ღვაწლი იტვირთა: ანდრონიკე ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ამბა დანიელს დაემოწაფა, ათანასია კი ტაბენისის დედათა სავანეში დამკვიდრდა. თორმეტი წლის მოსაგრე ცხოვრების შემდგომ ანდრონიკე წმიდა ადგილთა მოსალოცად იერუსალიმში გაემგზავრა. გზაში მას დაემგზავრა „ბერი ათანასე“ - წმიდა ათანასია, რომელსაც მოგზაურობისას მოსალოდნელი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად მამაკაცის სამოსი გადაეცვა. ანდრონიკემ ვერ იცნო ხანგრძლივი ღვაწლით სახეშეცვლილი მეუღლე. იერუსალიმიდან დაბრუნებული წმიდანები ერთ სენაკში დამკვიდრდნენ და მდუმარების ღვაწლს შეუდგნენ. ღირსმა ანდრონიკემ მხოლოდ ათანასიას მიცვალების შემდეგ, წმიდა დედის მიერ დატოვებული წერილიდან შეიტყო თანამოსაგრის ვინაობა. მალე მან თვითონაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი
მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი ქრისტეს შობამდე ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც ძალიან იყო გავრცელებული კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ“. აბრამი, რომელიც ამ დროს სამოცდათხუთმეტი წლისა იყო, დაემორჩილა ზეციურ კურთხევას და თან მთელი თავისი სახლეულითა და ძმისწული ლოთით სამხრეთისკენ გაეშურა.
საეკლესიო კალენდარი: 20 ოქტომბერი
ქანაანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“, და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანაანს, დღევანდელ პალესტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა).
ქანაანის ქვეყანაში ცხოვრების დროს აბრამი და მისი ძმისწული ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და აბრამისა და ლოთის მწყემსები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა, გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა; აბრამი კი, უფლის მინიშნებით, ქებრონში გადავიდა და მამბრეს მუხასთან დასახლდა. ბიძა-ძმისწულის განშორების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დაარბიეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავისი სამას თვრამეტი მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა.
გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკიც, რომელიც იყო „მღვდელი ღმრთისა მაღლისა“, პურითა და ღვინით შეეგება და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.
როცა აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა უწინდელი აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი - მამა დიდი - აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა.
საეკლესიო კალენდარი: 19 ოქტომბერი
ერთი წლის შემდეგ უფალი სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამბრეს მუხასთან, კარვის კარებთან მჯდარ მამამთავარს. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცნობი მგზავრები რომ იხილა, „მირბიოდა შემთხუევად მათდა“, თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ. შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა მოიკითხა და თქვა: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა“. კარებთან მდგომ სარას, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: „რად განიცინნა სარა თავსა შორის თჳსსა. ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?“ შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრაამი შეევედრა ღმერთს: თუ „სოდომთა ქალაქში“ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდა, გაანადგურებო მას? უფალმა მიუგო: თუ ორმოცდაათი მართალი ვპოვე „დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს “. შემდეგ ორმოცდახუთი მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას.უფალმა ათი მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება.
საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდარი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი, „ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე“ გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: „სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ“. ლოთი გამოვიდა „წინაშე კართა“, გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: „ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ!“ და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა ლოთი სახლში შეიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ.
საეკლესიო კალენდარი: 18 ოქტომბერი
მეორე დღეს, განთიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულო ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: „განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ“. ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა - მარილის სვეტად იქცა.
მალე უფლის წინასწარმეტყველება ახდა: სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე - ისააკი. საზღვარი არ ჰქონდა ასი წლის მამამთავრის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, მხოლოდშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა: მესამე დღეს მიეახლა სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილს, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილი აღმართა მის დასაკლავად, ამ დროს ზეგარდამო ესმა ხმა: „აბრაამ! აბრაამ!. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ აწ მიცნობიეს, ვითარმედ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს“. მართალმა მამამთავარმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მიიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაცვლად ის შესწირა უფალს. ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: „ვინაითგან ჰყავ სიტყუაჲ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშა ზღჳსკიდისა და დაიმკჳდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მით რომელ ისმინე ჴმისა ჩემისა“.
ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი - სარა საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამბრეს მუხის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში, ისააკიც დააქორწინა, ბოლოს კი, ასსამოცდათხუამეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი მამამთავარი მეუღლის, სარას გვერდით დაფლეს.
წმიდა მოწამენი ებენტი და მაქსიმე
წმიდა მოწამენი ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ანტიოქიაში ჩასულმა უსჯულო თვითმპყრობელმა სასმელი წყლების და ბაზარში გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტების ნაკერპავი სისხლით შერყვნა ბრძანა. მხედრებმა უარი განაცხადეს ამ განკარგულების შესრულებაზე, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. წმიდა მარტვილებს ეკლესია 5 სექტემბერსაც იხსენიებს.
საეკლესიო კალენდარი: 17 ოქტომბერი
წმიდა აღმსარებელი პოპლია
წმიდა აღმსარებელი პოპლია (პუბლია), ანტიოქიელი დიაკონისა ადრე დაქვრივდა, რის შემდეგაც მთელ ძალებს ვაჟიშვილის, იოანეს ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზრდას ახმარდა. მოგვიანებით იოანეს ხუცესად დაასხეს ხელი, პოპლია კი კეთილგონიერებისა და მოსაგრე ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა დედები, რომლებსაც ცხოვრების ღვთისმსახურებისთვის მიძღვნა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საკუთარ სახლში მონასტერი მოაწყო. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას პოპლიამ და მისმა დებმა ამხილეს უსჯულო ხელისუფალი. როცა იმპერატორმა პოპლიას სახლის წინ ჩაიარა, დედებმა ხმამაღლა დაიწყეს კერპთაყვანისმცემლობის მამხილებელი 113-ე ფსალმუნის გალობა, რისთვისაც იულიანეს ბრძანებით მხცოვანი დიაკონისა სასტიკად გვემეს. ამის შემდეგ ნეტარს დიდხანს არ უცოცხლია: მალე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი პეტრე გალატიელი
ღირსი პეტრე გალატიელი თავდაპირველად იმპერატორ თეოფილეს ლაშქარში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ განერიდა ამსოფელს და სირიის ანტიოქიის მახლობლად, დაფნეონის სავანეში ბერად აღიკვეცა. ხანგრძლივი, ღვთივსათნო ღვაწლი ახოვანმა მოსაგრემ კონსტანტინოპოლში, წმიდა ფოკას სახელობის მონასტერში დაასრულა. იგი მშვიდობით მიიცვალა IX საუკუნეში, იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით