საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მეორედ წააგო

ქართველი ფეხბურთელი ქალები შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ფინელებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა სამბურთიანი სხვაობით დათმეს.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შეხვედრა წააგო.
გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა (0:3). სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის მე-17 წუთზე ლინდა სალსტრომის გოლით გახსნეს. ფინელებმა უპირატესობა 68-ე წუთზე სანი ფრანსის გოლით გაზარდეს, ხოლო 71-ე წუთზე ემი ალანენმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ფინეთის, სლოვაკეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩხაიძის გუნდმა წინა შეხვედრა შვედეთის ნაკრებთან დათმო (4:0) და ამჟამად ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.