თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ბაბუამ საკუთარი სიცოცხლის ფასად ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა ორი შვილიშვილი. შემთხვევა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასვენებისას მოხდა, იუწყება Daily Mail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის შოტლანდიელი ჯონათან სმიტი კრეტაზე ოჯახთან ერთად ისვენებდა. ერთ დღეს ის მეუღლე სუზანთან და ორ შვილიშვილთან — შვიდი და ათი წლის ბიჭებთან ერთად საბანაოდ წავიდა პლაჟზე. მაგრამ ბიჭებმა ჩვეულებრივ პლაჟზე ბანაობის ნაცვლად ბაბუას კლდოვან სანაპიროზე წაყვანა მოსთხოვეს. ჯონათანი და სუზანი თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ ბავშვებმა თავისი გაიტანეს და უფროსები დაიყოლიეს.
გახარებული ბიჭუნები ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, მაგრამ ისინი დინებამ გაიტაცა. ბაბუა, როგორც კი დაინახა, რომ მისი შვილიშვილები იხრჩობოდნენ, მაშინვე წყალში გადახტა და შეეცადა ბიჭები კლდისკენ გაეყვანა.
ყვირილზე ხალხმა და მაშველებმა მიირბინეს შემთხვევის ადგილზე და ბიჭები თოკებითა და სამაშველო რგოლებით ნაპირზე ამოიყვანეს. ბაბუამ კი, როცა დაინახა, რომ მისი ორივე შვილიშვილი სამშვიდობოს იყო, ძალაგამოცლილმა მორევთან ბრძოლა შეწყვიტა და ფსკერისკენ წავიდა.
საბოლოოდ მაშველებმა, რომლებსაც ექვსჯერ მოუხდათ ჯონათან სმიტის ამოსაყვანად წყალში ჩაყვინთვამ, მაინც მიაღწიეს მასთან, მაგრამ მამაკაცს სერიოზული ტრავმები ჰქონდა და დაიღუპა.
ახლა ოჯახი შვილიშვილების გადარჩენას შეწირული ბაბუის სამშობლოში გადასვენებაზე ზრუნავს, რაშიც მათ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთის ხელისუფლება ეხმარება.