თბილისი, 21 ოქტომბერი— Sputnik. ახალგაზრდა ქართველი პაროდისტი ოთო კაჭარავა წარმატებულად წარდგა ტალანტების პოლონურ შოუზე Mam talent! და ჟიურის წევრები გააცინა.
კაჭარავამ თავის იუმორისტულ ნომერში სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის კომენტატორების პაროდია აჩვენა. ოთომ ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა და არამხოლოდ ჟიურის ყველა წევრი, არამედ მთლიანი დარბაზიც გააცინა.
ნიჭიერმა ქართველმა ჟიურის წევრების ორი „კი“ მიიღო და მომდევნო ტურში გადასვლაც მოახერხა.
23 წლის ოთო კაჭარავას შეუძლია სხვადასხვა მსახიობის, მულტფილმის გმირის ხმის მიბაძვა. საქართველოში მას მონაწილეობა სხვადასხვა შოუში და იუმორისტულ ფესტივალში აქვს მიღებული.
ჯერჯერობით უცნობია, რას აჩვენებს ოთო კაჭარავა მომდევნო ტურში, მაგრამ საქართველოდან მას უკვე დიდი მხარდაჭერა აქვს.
Mam talent! - ბრიტანული პროექტ Got Talent-ის პოლონური ვერსიაა. პროგრამის მიზანია - ყველაზე ნიჭიერი ადამიანის გამოვლენა.